კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაცია


კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაცია შეიქმნა 1990 წელს, მისი დარეგისტრირება მოხდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ეს იყო ექიმთა პირველი პროფესიული გაერთიანება ყოფილი საბჭოთა კავშირში. მანამდე მომავალი ასოციაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის ცხრა აპრილის ტრაგედიისა და სპიტაკის მიწისძვრის სამედიცინო პრობლემების ლიკვიდაციის საქმეში. ასოციაციის წევრები ასევე უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომების სამედიცინო სამსახურის უზრუნველყოფაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასოციაციის წევრები აგრეთვე უშუალოდ ეხმარებოდნენ აფხაზეთიდან სვანეთის გზებით ლტოლვილ ქართულ მოსახლეობას ევაკუაციის დროს. ასოციაციის უმთავრესი მიზანია საქართველოში კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის სამსახურის განვითარება. ამ მიზნით ასოციაცია ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის სამსახურის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციურ ექიმთა და ექთნების კადრებით. ასოციაციის ლიდერი ორგანიზაციის - საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის მიერ არის შედგენილი ექიმთა სერტიფიცირების კითხვარი კრიტიკულ მედიცინაში. ასევე ამ ორგანიზაციის მიერ არის შექმნილი ექიმთა რეზიდენტურის სისტემა კრიტიკულ მედიცინაში და შემუშავებულია სამკურნალო სტანდარტები და პროტოკოლები კრიტიკულ მედიცინაში. დღეისათვის საქართველოში შექმნილია კრიტიკული მედიცინის ექსკლუზიური მოდელი, რომელიც განსხვავდება სხვა ქვეყნების შესაბამისი სამსახურებისგან. სახელდობრ ეს არის კრიტიკული მედიცინის გამოყოფა ანესთეზიოლოგიისაგან და მისი დამოუკიდებელ სპეციალობად წარმოდგენა. ესც არის ასევე სამწლიანი დამოუკიდებელი რეზიდენტურის ინსტიტუტი კრიტიკულ მედიცინაში, რომლის კურსდამთავრებულნი აბარებენ დამოუკიდებელ სასერტიდფიკაციო გამოცდას აღნიშნულ სპეციალობაში. ეს არის იაფი და მარტივი სამკურნალო სტანდარტები და პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მკურნალობის იგივე შედეგების მიღებას 10-ჯერ ნაკლები დანახარჯების შემთხვავაში. ამასთან საქართველოში კრიტიკული მედიცინის ექიმი თავად წარმართავს კრიტიკული ავადმყოფის მკურნალობის ყველა რუტინას სხვა ქვეყნების კრიტიკული მედიცინის ექიმებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ პროცესის დროს უპირატესად კოორდინატორის ფუნქციას ასრულებენ. ასოციაცია აერთიანებს საქართველოში დღეს მომუშავე კრიტიკული მედიცინის ექიმთა უმრავლესობას,ასოციაციის მიერ დღემდე ჩატარებულია შვიდი ნაციონალური კონფერენცია და ექვსი საერთაშორისო სიმპოზიუმი. ასოციაციის პერიოდულ გამოცემას წარმოადგენს ჟურნალი "Catastrophe & Critical Care Medicine" გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე. ის რეცენზირებადი და რეფერირებადი საერთაშორისო დონის გამოცემაა. ასოციაციას მჭიდრო კავშირი აქვს აშშ, რუსეთის, გერმანიის, იაპონიის, ეგვიპტის, უკრაინის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის წამყვან დაწესებულებებთან. ასოციაციის ლიდერი ორგანიზაცია - საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე დაწესებულებაა კრიტიკულ მედიცინაში. ის ასევე წარმოადგენს მსოფლიოს სავადმყოფოთა დირექტორიატის მიერ რეკომენდირებულ სამედიცინო დაწესებულებას დასავლეთ აზიის რეგიონში. ასოციაცია არის ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის ნაციონალური წევრი. ის ასევე არის ინტენსიური ზრუნვის ევროპის საზოგადოების წევრი.







380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.